აშშ მზად არის, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები განაახლოს
აშშ მზად არის,  ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები განაახლოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის სრული ბირთვული განიარაღების მისაღწევად ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები განაახლოს.

მაიკ პომპეომ ამის დასტურად, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი მომდევნო კვირაში ნიუ-იორკში მიიწვია. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატის თქმით, მიზანი 2021 წლისთვის კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებაა.

Reuters-ის ცნობით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეების ლიდერების შეხვედრის და მისი შედეგების გასაჯაროების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, ფხენიანში გამართული სამიტის დროს კიმ ჩენ ინი და მუნ ჩჟე ინი დემილიტარიზებული ზონიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანაზე შეთანხმდნენ. ამასთან ერთად, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეების ლიდერებმა პანმუნჯომის სასაზღვრო პუნქტზე მყოფი პერსონალის განიარაღება გადაწყვიტეს და შეთანხმდნენ, რომ დემარკაციის ხაზთან ახლოს სამხედრო სწავლებებს აღარ ჩაატარებენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ტონჩანის სარაკეტო პოლიგონს დახურავს და ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ექსპერტებს დაუშვებს.