აშშ-ის მსროლელთა ასოციაციას რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩეველი უხელმძღვანელებს
აშშ-ის მსროლელთა ასოციაციას რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩეველი უხელმძღვანელებს

აშშ-ში იარაღის გავლენიანმა ლობიმ ახალი პრეზიდენტი აირჩია. მსროლელთა ეროვნულ ასოციაციას ამიერიდან პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩეველი ოლივერ ნორთი უხელმძღვანელებს.
ყოფილმა საზღვაო პოლკოვნიკმა მაშინ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ე.წ. ირანი-კონტრას სკანდალში.

1980-იან წლებში, ნორთმა ჩამოაყალიბა ქსელი, რომელიც ირანში იარაღს ფარულად ყიდდა, ამ ფულით კი ნიკარაგუაში შეიარაღებულ ანტიკომუნისტურ ძალებს აფინანსებდა. 1989 წელს მას აშშ-ის სახელმწიფო სახსრების უკანონოდ გამოყენებაში დასდეს ბრალი.

მოგვიანებით ნორთი რადიოწამყვანი გახდა. მსროლელთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად გამოცხადებამდე კი Fox News-ის კონტრიბუტორად მუშაობდა.

უეინ ლაპიერმა, რომელიც NRA-ის აღმასრულებელი დირექტორია, ოლივერ ნორთი „ამერიკის თავისუფლებისათვის ლეგენდარულ მებრძოლად“ დაახასიათა.

მსროლელთა ეროვნული ასოციაცია აშშ-ში იარაღზე ნებისმიერი სახით კონტროლის დაწესების მოწინააღმდეგეა. მათი მტკიცებით, მეტი იარაღი ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის.