აშშ-მა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებს უკრაინაზე კიბერთავდასხმების გამო ბრალი წაუყენა
აშშ-მა ბრალი წაუყენა რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელს და რუსეთის ერთ მოქალაქეს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერშეტევების შეთქმულების მომზადებაში, რომლის მიზანიც უკრაინის შესუსტება იყო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოქვეყნებულ ბრალდებაში იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერჯგუფი „მასშტაბურ კიბეროპერაციებს“ 2020 წლიდან ატარებდა, ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.
თავდაპირველ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც მერილენდის საოლქო სასამართლოში ივნისის თვეში წარადგინეს, მხოლოდ ერთი ბრალდებული იყო დასახელებული. მას ბრალად ედებოდა შეთქმულების მომზადება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან ერთად, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველო (GRU), უკრაინისა და სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერშეტევების განსახორციელებლად.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სატელევიზიო ქსელს, „რაშა თუდეის“ და მის რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა, მათ შორის, ტელეარხის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათვამია, რომ სანქციები მიღებულია მოსკოვის მიერ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე საპასუხოდ. სანქციები დაუწესდა ათ ფიზიკურ პირს და ორ ორგანიზაციას.