აშშ-მა ორბიტაზე „ძალიან არანორმალური ქცევის“ რუსული თანამგზავრი შენიშნა
აშშ-მა ორბიტაზე „ძალიან არანორმალური ქცევის“ რუსული თანამგზავრი შენიშნა

დედამიწის თავზე იდუმალებით მოცული რუსული ხელოვნური თანამგზავრი დაფრინავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ხომალდი ძალიან უცნაურად იქცევა და სრულებით არ ჰგავს სხვა თანამგზავრებს.

„დაზუსტებით არ ვიცით, რა არის ის და ვერც გავიგებთ. უცნობია, რა მიზნით გაუშვა ის რუსეთმა და აშკარაა, რომ სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია“, — აღნიშნავს გაერო-ში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეიარაღების კონტროლის დარგში, ილემ პობლე.

ეს განცხადება პობლემ ჟენევაში, გაერო-ს განიარაღების კონფერენციაზე გააკეთა. მანამდე კი, აშშ-მა უკვე არაერთხელ აღნიშნა თავის განზრახვის შესახებ, რომ 2020 წლისთვის უნდა შეიქმნას სამხედრო კოსმოსური ძალები, რადგან „ახალი ბრძოლის ველიდან მომდინარე საფრთხეებს ქვეყანა მომზადებული შეხვდეს“. ამ იდეამ აშშ-ის კოსმოსური საზოგადოების წონიანი ფიგურების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

პობლეს განცხადებით, შეშფოთების საფუძველი გახდა გასული წლის ოქტომბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაშვებული კოსმოსური ობიექტი, რომელსაც რუსეთმა „კოსმოსურ მოწყობილობათა ინსპექტორი“ უწოდა.

„მაგრამ ორბიტაზე მოძრაობისას მისი ქცევა აბსოლუტურად არ შეესაბამება ორბიტაზე ამჟამად არსებულ სხვა საინსპექციო მოწყობილობათა, მათ შორის რუსულ თანამგზავრთა აქტივობას. ჩვენი შეშფოთების საფუძველს იწვევს „კოსმოსურ მოწყობილობათა ინსპექტორად“ შერაცხული აპარატის არანორმალური ქცევა“, — ამბობს პობლე.

მიუხედავად იმისა, რომ პობლე თანამგზავრს არ აკონკრეტებს, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ ის გულისხმობს პატარა თანამგზავრ Kosmos 2521-ს, რომელიც თავის დედა თანამგზავრს გამოეყო, მაგრამ ის 2017 წლის აგვისტოში გაუშვეს და არა ოქტომბერში.

პობლეს თქმით, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს თანამგზავრი სინამდვილეში, ძალიან სარისკოა, რუსეთის ხელისუფლებას უბრალოდ სიტყვაზე ენდო.

„ჩვენი რუსი კოლეგები უარყოფენ, რომ ეს თანამგზავრი სამხედრო დანიშნულებისაა, მაგრამ ობიექტის რეალური დანიშნულების განსაზღვრა მის ორბიტაზე დაკვირვებით შეუძლებელია. ისმის კითხვა — იტესტება თუ არა ორბიტაზე იარაღი?“, — აღნიშნავს პობლე.

თუმცა, არ არსებობს „არანორმალური ქცევის“ მეტი მტკიცებულება, რათა ვიფიქროთ, რომ ეს უცნაური თანამგზავრი კოსმოსური იარაღის ერთ-ერთი სახეა.

ჟენევაში მყოფმა რუსმა დიპლომატმა ალექსანდრ დეინეკომ Reuters-თან საუბრისას აშშ-ის მოსაზრება უარყო და განცხადებას „ცილისმწამებლურ ეჭვებსა და ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდება“ უწოდა.

მომზადებულია ScienceAlert-ისა და Reuters-ის მიხედვით.