აშშ-მა კვლავ მიიტანა დარტყმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, დარტყმის სამიზნე გახდა „ჰუსიტების“ კუთვნილი რადარი.
ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, იერიში განხორციელდა „ტომაჰავკის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომლებიც წითელ ზღვაში დისლოცირებული სამხედრო გემიდან გაუშვეს.
პენტაგონის განცხადებით, ეს დარტყმა იყო გუშინდელი იერიშების გაგრძელება, რაც მიზნად ისახავს, მოუსპოს შესაძლებლობა იემენელ „ჰუსიტებს“, თავდასხმები მოაწყოს წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე.
თავად „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ აშშ -მა რამდენიმე იერიში მიიტანა იემენის დედაქალაქ სანაზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, აშშ კვლავ მიიტანს დარტყმებს იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე. ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა „ჰუსიტებს“ ტერორისტები უწოდა და ასევე თქვა, რომ მოუწოდა ირანს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან.
„ჰუსიტები“, უკვე წლებია, იემენის ჩრდილო დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქსაც. მათ ნოემბრიდან დაიწყეს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების განხორციელება. „ჰუსიტების“ თქმით, ისინი ამგვარად აპროტესტებენ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში წამოწყებულ ომს.