აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნებისთვის მზადება შეწყვიტეს
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნებისთვის მზადება შეწყვიტეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის მზადება შეწყვიტეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, დანა უაითმა განაცხადა. ინფორმაცია დაადასტურა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმაც.

ოფიციალური ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი, ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები აგვისტოში იყო დაგეგმილი. როგორც ცნობილია, მხარეები ერთმანეთთან კოორდინირებას მომავალშიც განაგრძობენ, თუმცა საერთო სამხედრო სწავლება დაგეგმილი აღარ არის.

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს, საპასუხოდ კი აშშ-მა სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნები გააუქმა.

სამხრეთ კორეაში ამჟამად 30 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც პარტნიორებთან ერთად რეგიონში სამხედრო წვრთნებს საკმაოდ ხშირად ატარებენ. 2017 წელს ერთობლივ სწავლებაში 18 000 ამერიკელი და 3 000 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი მონაწილეობდა.