აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილეს
აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვარშავაში ვიზიტისას უკრაინის საკითხებზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის ესაუბრა. ამით ბლინკენმა ევროპის ქვეყნებში ტურნე დაასრულა.
სიკორსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა განაგრძოს უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და მოხსნას შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე.
„ჩვენ, როგორც დასავლელებმა უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ასევე, ჩვენი აზრით, უნდა გაუქმდეს შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკური სანქციები ეფექტურია და მოწოდებას გავცემთ უფრო გადამწყვეტი ზომების მიღების შესახებ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კიევში უკრაინის ოფიციალურ პირებთან დისკუსიები ჰქონდა უკრაინის საჭიროებებზე. ამასთან, ბლინკენის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის „ჰიბრიდული თავდასხმების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ალიანსი მთლიანად არის ჩართული ამ პროცესში, რადგან რასაც ჩვენ ვხედავთ არის რუსული ჰიბრიდული თავდასხმები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან საჭირო ინფორმაციის გაცვლასა და ზომების მიღებაზე, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ თავდასხმების გამო“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.