აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა.
„როიტერის“ ცნობით, სანქციები შეეხო თურქეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული არიან „ჰამასთან“.
„სანქციები დაუწესდა რვა თანამდებობის პირს, რომლებიც ხელს უწყობენ „ჰამასის“ ინტერესებს საზღვარგარეთ და ხელს უწყობენ მისი ფინანსების მართვას. „ჰამასის“ რამდენიმე ოფიციალური პირი დაფუძნებული იყო თურქეთში, მათ შორის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ოპერატორი, ჰარუნ მანსურ იაკუბ ნასერ ალ-დინი”,- ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჰარუნ ნასერ ალ-დინი ჩართული იყო ქსელში, რომელიც თურქეთიდან და ღაზიდან გადასცემდა ფულს „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰებრონში, და ეხმარებოდა ჰამასის საქმიანობის სუბსიდირებას დასავლეთ სანაპიროზე შემდგომი არეულობისთვის.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა „ჰამასთან“ დაკავშირებულ დამატებით შვიდ ადამიანს, მათ შორის მაჰმუდ ზაჰარს, „ჰამასის“ თანადამფუძნებელს და ალი ბარაკას, „ჰამასის“ საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელს, რომელიც ასევე სანქცირებული იყო აშშ-ის მიერ.
„ჰამასს“ არ შეიძლება, ჰქონდეს მომავალი ღაზაში. დღევანდელი სანქციები „ჰამასისა“ და პალესტინის ისლამური ჯიჰადის მიმართ გააგრძელებს მათ დაფინანსებაზე წვდომის შეწყვეტას და მათ შემდგომ იზოლირებას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.
„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამი აბუ ზუჰრიმ „როიტერს“ განუცხადა, რომ სანქციები გაუმართლებელია და ისინი ცრუ ბრალდებებს ეფუძნება.
„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას და ბრიტანეთის მთავრობას, კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ აგრესიულ პოლიტიკას ჩვენი პალესტინელი ხალხის მიმართ“,- ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.