აშშ-ის კონგრესმა გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაც დაუჭირა მხარი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ გადასახადების რეფორმის კანონპროექტს ხელმეორე კენჭისყრითაც დაუჭირა მხარი.
„ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც კონგრესმენებისადმი მადლიერების გამოსახატავად მოეწყო.
ხელმეორე კენჭისყრით 224 ხმით 201-ის წინააღმდეგ მხარდაჭერილი კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
ოთხშაბათს დილით სენატმა დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მხარდაჭერა დაადასტურა. 51-ით 48-ის წინააღმდეგ გამარჯვება ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავად გამოაცხადა, რომელიც ესწრებოდა კიდეც კენჭისყრას.
კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ კანონპროექტს მხარი სამშაბათსაც დაუჭირა, თუმცა ტექნიკური დეტალების ცვლილების გამო, განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.
კანონპროექტის მიხედვით, ბიზნესის გადასახადი მკვეთრად დაიკლებს და შემოსავლების 35%-დან 21%-ზე ჩამოვა.
კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
ეკონომისტების გათვლებით, გადასახადების შემცირება აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს მომდევნო 10 წელიწადში, 1,4 ტრილიონით დოლარით გაზრდის.
დემოკრატები ამტკიცებენ, რომ რეფორმით მხოლოდ მდიდრები და მსხვილი ბიზნესი იხეირებს.