აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ
საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრები დღეს შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში გამართავენ.
კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან გამართავს, რის შემდეგაც დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან საპარლამენტო უმცირესობის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლებს.
დღის ბოლოს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.
საქართველოს პარლამენტში გამგზავრებამდე, დელეგაციის წევრები დღეს დილით თბილისის იუსტიციის სახლს მოინახულებენ.
კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოს გუშინ ესტუმრა. მათ უკვე დაათვალიერეს ძველი თბილისი, ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი და ოკუპაციის მუზეუმი. დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ მცხეთაში, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი მოინახულეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის შეხვედრები საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს ოფისში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და USAID-ის ოფისში.
კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრები ასევე მოინახულებენ ვაზიანის სამხედრო ბაზას, რიჩარდ ლუგარის ცენტრს და სოფელ წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას. დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ ჩასვლას სოფელ დიდ ხურვალეთში.
ვიზიტის ბოლოს აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ყაზბეგში გაემგზავრება, რის შემდეგაც კახეთის რეგიონს მოინახულებს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: კონგრესმენ სტივ ჩაბოტის აპარატის უფროსი იურიდიული ასისტენტი ჯეიმს ბურჩფილდი; კონგრესმენ ჯარედ ჰუფმანის აპარატის იურიდიული ასისტენტი კორტნი კალეხასი; კონგრესმენ ჯოზეფ კენედის აპარატის უფროსის მოადგილე სარა კურტისი; კონგრესმენ გერი კონოლის ოფისის იურიდიული დირექტორი კოლინ დევენპორტი; კონგრესის საფინანსო კომიტეტის უფროსი მრჩეველი სემუელ დევეი; კონგრესმენ ტედ პოს აპარატის უფროსი იურიდიული ასისტენტი მაიკლ ედვარდსი; კონგრესმენ უილიამ კიტინგის ოფისის იურიდიული დირექტორი გაბრიელ გულდი; კონგრესმენ ბრაიან ფიცპატრიკის აპარატის კომუნიკაციების დირექტორი პატრიკ ლონგი; აშშ-ის სენატის მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვეკომიტეტის, სენატორ რობ პორტმანის აპარატის უფროსი მრჩეველი ენდრიუ პოლესოვსკი.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტი 25 აგვისტოს დასრულდება.