აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების დატოვება 100-ზე მეტ რუს დიპლომატს მოუწევს
აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების დატოვება 100-ზე მეტ რუს დიპლომატს მოუწევს

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, მოსკოვის წინააღმდეგ ზომები კიდევ 19-მა ქვეყანამ მიიღო.

რუს დიპლომატებს გააძევებს აშშ, კანადა, უკრაინა, ალბანეთი და ევროკავშირის 15 წევრი სახელმწიფო. სამშობლოში დაბრუნება სულ 100-ზე მეტ დიპლომატს მოუწევს.

ყველაზე მეტ დიპლომატს ამერიკის შეერთებული შტატები გააძევებს. აშშ-ს რუსეთის დიპლომატიური მისიის 60 თანამშრომელი დატოვებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ნაბიჯები გადადგას. სახელმწიფო დეპარტამენტის გაცხადებით, აშშ-მა რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად მიიღო დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სამხედრო ტიპის ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ.

ამას გარდა, აშშ სიეტლში რუსეთის გენერალურ საკონსულოს დახურავს.

ოთხ რუს დიპლომატს გააძევებს კანადა.

„ოთხივე იდენტიფიცირებული იყო როგორც სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები და პირები, რომლებიც დიპლომატიურ სტატუსს იყენებდნენ კანადის უსაფრთხოების წინააღმდეგ ან ჩვენს დემოკრატიაში ჩასარევად“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტინა ფრილანდმა.

გერმანია და საფრანგეთი ოთხ-ოთხ რუს დიპლომატს გააძევებენ. საფრანგეთმა და გერმანიამ მათ ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირის ვადა მისცა.

პოლონეთს დატოვებს ასევე ოთხი რუსი დიპლომატი. რუსეთის დიპლომატიური მისიის სამ-სამ თანამშრომელს გააძევებენ ლიტვა და ჩეხეთი.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რომში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი დატოვებს. რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ორ-ორ თანამშრომელს გააძევებენ ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და დანიიდან.

ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, შვედეთი, რუმინეთი და ხორვატია თითო რუს დიპლომატს გააძევებენ.

დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინამ და ქვეყნიდან 13 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება კიევმა ბრიტანელ პარტნიორებთან და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან კოორდინირებულად მიიღო.

ორი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა ალბანეთმაც. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტი გაწყვიტა.