აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უიღურებთან დაკავშირებით კანონპროექტს დაუჭირა მხარი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უიღურებთან დაკავშირებით კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დოკუმენტი ჩინეთში მუსლიმი უიღურების უკანონო დაკავებებს, წამებას და ძალადობას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, ჩინეთის რიგი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებიც არის გათვალისწინებული. დოკუმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 407-მა წევრმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გამოვიდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთში მცხოვრები უიღურების სისტემატიური დისკრიმინაცია მიმდინარეობს. დოკუმენტში განმარტებულია, რომ მათ შეზღუდული აქვთ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლო სისტემა.
წესის თანახმად, ახლა კანონპროექტი სენატმა უნდა მიიღოს. რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. კანონი ძალაში სწორედ ამის შემდეგ შევა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს უკვე გამოეხმაურა ჩინეთი. პეკინში აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ნაბიჯს ბოროტება უწოდეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, მათ საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს.
აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ კონგში პროდემოკრატიული დემონსტრაციების მხარდამჭერ კანონპროექტს.