აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის სენატთან შეთანხმებული ტექსტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სენატთან შეთანხმებული ტექსტი დაამტკიცა. შესაბამისი ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტს, სახელწოდებით „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, კონგრესის ქვედა პალატის 355-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 78-მა მისცა ხმა. პროექტს სენატმაც უნდა უყაროს კენჭი.
დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ რუსეთთან სტრატეგიული კონკურენციისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების თვალსაზრისით, რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს „ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს, ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში. მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“.
ბიუჯეტის პროექტში ასევე აღნიშნულია 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ნატო-ს წევრობისკენ და თანხმდება, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატო-ს წევრები.
დოკუმენტი ასევე გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადის 2-ისა“ და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს.
აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა 740 მილიარდ დოლარს აღემატება. აღნიშნული თანხიდან 69 მილიარდი დოლარი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი, რაც, როგორც განმარტებით დოკუმენტშია ნახსენები, საშუალებას მისცემს სამხედროებს, შეინარჩუნონ მზაობა, გაზარდონ შესაძლებლობები და ინვესტირება განახორციელონ ახალ პროგრამებსა და ტექნოლოგიებში, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, უკრაინისთვის გათვალისწინებულია 250 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის წინააღმდეგია მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ დოკუმენტს ვეტოს დაადებს. დონალდ ტრამპი კანონპროექტს აკრიტიკებს, რადგან ის არ ითვალისწინებს სოციალური მედიის კომპანიების დაცვის შესახებ რეგულაციის გაუქმებას, ასევე დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული საზღვარგარეთულ მისიებში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირება.
„ვიმედოვნებ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ძალიან სუსტი აქტის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, რომელთან დაკავშირებითაც მე ვეტოს გამოვიყენებ“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“ კონგრესის ქვედა პალატაში გამართულ კენჭისყრამდე.