აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ ბუსტერდოზის გამოყენების ნებართვა გასცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერდოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ამასთან, მესამე დოზის გასაკეთებლად მეორე დოზიდან დასაშვები ინტერვალი ექვსი თვიდან ხუთ თვემდე შემცირდა.
სააგენტომ ასევე დასაშვები გახადა ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება სუსტი იმუნიტეტის მქონე 5-დან 11 წლის ასაკის ბავშვებში.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, სააგენტომ ეს გადაწყვეტილებები „ომიკრონის“ ვარიანტის სწრაფად გავრცელების ფონზე მიიღო, როდესაც დასაქმებულები და მოსწავლეები საშობაო შვებულებებიდან და არდადეგებიდან სამსახურებსა და სასწავლებლებში ბრუნდებიან.
„სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემების შეფასების საფუძველზე, ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების ბუსტერდოზა შესაძლოა, ეხმარებოდეს უკეთესი დაცვის უზრუნველყოფაში როგორც „დელტა“, ისე „ომიკრონის“ ვარინატების წინააღმდეგ“, – განაცხადა სააგენტოს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევების ცენტრის დირექტორმა პიტერ მარკსმა.
სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განსახილველად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა საბჭო 5 იანვარს შეიკრიბება.
სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა და ყოველდღიურად საშუალოდ 418 ათასს შემთხვევას შეადგენს.