აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, რომ ფედერალური მთავრობა იღებს ზომებს რამდენიმე შტატში დაფიქსირებულ გაურკვეველი წარმომავლობის დრონებთან დაკავშირებით
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასი მოსახლეობას არწმუნებს, რომ ფედერალური მთავრობა იღებს შესაბამის ზომებს რამდენიმე შტატში დაფიქსირებულ გაურკვეველი წარმომავლობის დრონებთან დაკავშირებით. მაიორკასმა ამის სესახებ „ეიბისის“ ეთერში ისაუბრა.
შიდა უსაფრთხოების მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ ნიუ ჯერსის შტატში ბოლო დღეებში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ცნობები გახშირდა და ეჭვგარეშეა, რომ ხალხი დრონებს ხედავს.
„ეჭვგარეშეა, რომ ხალხი ხედავს დრონებს. მინდა, დავარწმუნო ამერიკის საზოგადოება, რომ ჩვენ ფედერალურ მთავრობაში გამოვიყენეთ დამატებითი რესურსები, პერსონალი და ტექნოლოგიები, რომ დავხმარებოდით ნიუ ჯერსის პოლიციას დრონების საქმეში. ზოგიერთი რეალურად არის დრონი, თუმცა ზოგი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ხშირად შეცდომით დრონად მიიჩნევენ“, – თქვა მაიორკასმა.
მინისტრმა ასევე მოუწოდა კონგრესს, რომ ფედერალურ და ადგილობრივ მოხელეებს მიანიჭოს უფლებამოსილება ფედერალური ზედამხედველობის ქვეშ დრონების საქმიანობის წინააღმდეგ გასატარებელი ზომებისთვის. მაიორკასმა ივარაუდა, რომ დრონების შესახებ შეტყობინებების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ 2023 წლის სექტემბერში დრონების ღამით ფრენის ნებართვა გასცა.
მაიორკასი ამბობს იმასაც, რომ უცხოური ჩარევის მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს, ასევე არ არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ დრონები საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ ადამიანების მიერ შემჩნეული დრონები არის ლეგალური ან, შესაძლოა, მოსახლეობას ისინი აერია თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებში. რაც შეეხება უცხოური ჩარევის ნიშნებს, ამაზე ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მსგავსი ნიშნები ჯერ არ აღმოუჩენიათ.
დრონების ამბავს გამოეხმაურა ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. სოციალურ ქსელში ტრამპი წერდა, რომ თუ მთავრობას არ შეუძლია, ხალხს გააგებინოს, რა ხდება, მაშინ ეს დრონები უნდა ჩამოაგდონ.