აშშ-ის სენატმა მიიღო ფედერალური მთავრობის ფინანსირების კანონპროექტი, რომელიც მათ შორის უკრაინისთვის 12,3 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს
აშშ-ის სენატმა მიიღო ფედერალური მთავრობის ფინანსირების კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 12,3 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას მოიცავს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 72-მა სენატორმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა 25-მა.
ახლა დოკუმენტი გადაეგზავნება წარმომადგენელთა პალატას, სადაც კენჭისყრა პარასკევს გაიმართება, შემდეგ კი მას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის ფისკალური წელი 30 სექტემბერს მთავრდება და ამ თარიღამდე ბიუჯეტი მიღებული რომ არ ყოფილიყო, მთავრობას საქმიანობის შეჩერება მოუწევდა. მიღებული ბიუჯეტი მხოლოდ 16 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
„როიტერის“ ცნობით, ბიუჯეტი ითვალისწინებს უკრაინისთვის ახალ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას 12,3 მილიარდი დოლარის ოდენობით. ის ასევე საშუალებას აძლევს ბაიდენის ადმინისტრაციას, 3,7 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდოს უკრაინას საწყობებიდან.
ამასთან, მედია წერს, რომ უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე შექმნილი ვითარებისა და რუსეთისგან მომავალი ბირთვული საფრთხის გამო, 35 მილიონი გამოიყოფა უკრაინაში პოტენციური ბირთვული და რადიაციული ინციდენტებისთვის მოსამზადებლად.