აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების ანგარიშის ნაწილი შესაძლოა, ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდეს
რობერტ მიულერის ანგარიში შესაძლოა, ერთ კვირის განმავლობაში გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
უილიამ ბარის თქმით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების ანგარიშის გარკვეული დეტალები არ გასაჯაროვდება.
გენერალური პროკურორის განცხადებით, მსგავსი ზომების მიღება ანგარიშში მოხსენებული „მეორეხარისხოვანი“ პირების პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით გახდა საჭირო.
როგორც უილიამ ბარმა განაცხადა, აღნიშნული პირების წინააღმდეგ რაიმე სახის ბრალი არ წაუყენებიათ.
სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმე ცოტა ხნის წინ დაასრულა და ანგარიში გენერალურ პროკურორს გადასცა. ამის შემდეგ დოკუმენტს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გაეცნო. ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის შტაბს რუსეთთან კავშირები არ ჰქონია.