შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამუშაო ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ მან „ტვიტერით“ განაცხადა.
„უკრაინასა და აშშ-ს შორის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების სურვილით კიევში ჩავედი. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისთვის, როგორც რუსული აგრესიის საპასუხოდ, ასევე ამ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გასაგრძელებლად“, – დაწერა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი „ბორისპოლის“ აეროპორტში 5 მაისს, ადგილობრივი დროით 23:40 საათზე დაეშვა.
პირველ ეტაპზე ბლინკენი შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრი კულებასთან გამართავს. მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავებაზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე ისაუბრებენ.
მოგვიანებით ბლინკენი პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ასევე სხვა მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.