აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - ჰონგ კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - ჰონგ კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს შეატყობინა კონგრესს, რომ ჰონგ კონგს ჩინეთისგან ავტონომიურად აღარ მიიჩნევს.

„დღეს მე ვაცნობე კონგრესს, რომ ჰონგ კონგი მეტად აღარ არის ჩინეთისგან ავტონომიური, თუ გავითვალისწინებთ ადგილზე არსებულ მდგომარეობას. აშშ ჰონგ კონგელ ხალხთან ერთად დგას“, – წერს მაიკ პომპეო „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი აპირებს მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს პეკინს, ჰონგ კონგში ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლობები გახსნას.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ „პეკინის მხრიდან ჰონგ კონგის ავტონომიის შელახვის შემთხვევაში ზომებს მიიღებენ“. აშშ-ის პრეზიდნტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს საკითხი უკვე განხილვის პროცესშია.

პეკინში კი ამბობენ, რომ ჰონგ კონგი ჩინეთის სპეციალური ადამინისტრაციული ტერიტორიაა და ეროვნული უსაფრთხოების კანონის მიღება ჩინეთის შიდა საქმეა.