აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს პუტინის რეჟიმის გამოწვევად აფასებენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს პუტინის რეჟიმის გამოწვევად აფასებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს პუტინის რეჟიმის გამოწვევად აფასებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ახალია პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობის პირდაპირი გამოწვევა. ახალია იმის დანახვა, რომ ევგენი პრიგოჟინი პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს ამ ომის აზრს და აცხადებს, რომ ომი არსებითად ტყუილზე დაყრდნობით წარიმართა. ჩვენ ეს ადრეც განვაცხადეთ, მაგრამ რუსი მაღალჩინოსნებისგან მსგავსი განცხადება ნამდვილად არ მოგვისმენია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რა შედეგები მოჰყვება ამას, ვფიქრობ, გასარკვევია“, – აცხადებს მილერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენები აძლიერებს ვაშინგტონის შეშფოთებას არასტაბილურობის თაობაზე, რაც „ვაგნერის“ დაჯგუფებას მოაქვს ნებისმიერ ქვეყანაში შესვლისას.

როგორც მილერი აცხადებს, აჯანყების შემდეგ რუსეთში ვითარება დინამიკურია.