აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ენტონი ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, პეკინის მიერ რუსული თავდაცვითი სამრეწველო ბაზის მხარდაჭერის გამო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლაოსში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, ASEAN-ის მინისტერიალის ფარგლებში ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დროს ბლინკენმა ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ჩინეთის მიერ რუსული თავდაცვითი სამრეწველო ბაზის მხარდაჭერის გამო და მიანიშნა, რომ თუ ჩინეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოსაფხვრელად არავითარ ნაბიჯებს არ გადადგამს, აშშ ამისთვის შესაბამისი ზომების მიღებას გააგრძელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბლინკენმა ვანგ ინთან შეხვედრისას ასევე განიხილა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები და ღაზის სექტორში არსებული სიტუაცია.