აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია ხელისუფლების აღმასრულებელი შტო, რომელიც ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს, ერთპალატიანი პარლამენტი და ცალკე არსებული სასამართლო, მთავრობა კი, ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი. აქვე აღნიშნულია, რომ 2018 წლის დეკემბრიდან ამოქმედებული კონსტიტუციის თანახმად, მომავალი პრეზიდენტების არჩევა არ ხდება საყოველთაო კენჭისყრით, არამედ მას ირჩევენ პარლამენტის წევრები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-მ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობა განათავსა; წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი რაუნდი იყო კონკურენტული და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, თუმცა „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა მართალწესრიგისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე.

„სამინისტრო არის მთავარი სამართალდამცავი ორგანიზაცია და მოიცავს პოლიციის ეროვნულ ძალებს, სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შიდა სადაზვერვო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია კონტრდაზვერვის, ანტიტერორიზმისა და ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, იყო ნიშნები, რომ ზოგჯერ სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ინარჩუნებდა ეფექტიან კონტროლს შიდა უსაფრთხოების ძალებზე. დოკუმენტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ჩადენილ რამდენიმე კანონდარღვევაზეა საუბარი.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა: სერიოზულ პრობლემებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან, ასევე დაკავებებთან, გამოძიებებთან და სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რომლებიც ფართოდ მიიჩნეოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისამდი შეზღუდული პატივისცემა; ასევე დანაშაულებებს, რომლებიც ეხება ძალადობას ან მუქარას ლგბტ-პირების მიმართ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი თანამდებობის პირის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების ზოგიერთი ბრალდების გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა რჩებოდა პრობლემად, მათ შორის – ანგარიშვალდებულების არარსებობა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასა და საქართველოდან გადაცემასთან დაკავშირებით.

ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები კვლავ რჩებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა და დე ფაქტო ხელისუფლებები მხარდაჭერილი იყო რუსეთის მიერ. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩებოდა, თუმცა რუსი მესაზღვრეები ზღუდავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. რეგიონებში ადამიანის უფლებების ძირითადი პრობლემები მოიცავდა: უკანონო მკვლელობებს, მათ შორის სამხრეთ ოსეთში; უკანონო დაკავებებს; გადაადგილების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის, ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის შეზღუდვა; და ეთნიკური ქართველებისთვის საკუთრების ქონის ან ბიზნესის რეგისტრირების შესაძლებლობის შეზღუდვა. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია მცირეა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წელს გაძევებული ეთნიკური ქართველების უმრავლესობას სამხრეთ ოსეთში თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე უარი უთხრა. დე ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობას რეგულარულ წვდომას სამხრეთ ოსეთზე ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის რუსული „ბორდერიზაცია“ გაიზარდა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება და ადგილობრივი მცხოვრებლები მათი თემებისგან და არსებობის წყაროსგან გაყო. რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებები ორივე რეგიონში დარღვევებს დაუსჯელად ახორციელებდნენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.