აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოლდოვაში სისტემურ კორუფციასა და მთავრობის გამჭვირვალობის პრობლემებზეა საუბარი
ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში მოლდოვაში სისტემურ კორუფციასა და ქვეყნის მთავრობასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის პრობლემებზეა საუბარი.
„იმის მიუხედავად, რომ მთავრობა დგამს ნაბიჯებს კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანტიკორუფციული სააგენტოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, კორუფცია კვლავ ენდემურად რჩებოდა. კორუფცია ფართოდ გავრცელებული იყო სასამართლო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა რჩებოდა მნიშვნელოვან პრობლემად კორუფციისა და „შერჩევითი მართლმსაჯულების გამო, სადაც კანონი არ იყო ყველას მიმართ თანაბრად გამოყენებული და ხშირად შერჩევითად გამოიყენებოდა პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო“.
„შერჩევითი მართლმსაჯულება კვლავ პრობლემად რჩებოდა და ადვოკატები უჩიოდნენ შემთხვევებს, როდესაც მათ კლიენტებს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარს ეუბნებოდნენ. რამდენიმე ცნობილმა პოლიტიკოსმა, რომლებიც დააკავეს წლის განმავლობაში, შერჩევითი მართლმსაჯულების და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ განაცხადა“, – ნათქვამი იყო ანგარიშში.
მართლმსაჯულების რეფორმის აქტივისტები მოსამართლეთა კორუფციაზე საუბრობენ.
მოხსენების თანახმად, პატიმრები კვლავ განიცდიან არაადამიანურ მოპყრობას საპატიმრო დაწესებულებებში, რასაც ართულებს ძლიერი გადატვირთულობა და არასათანადო სამედიცინო დახმარება.
ამასთან, ანგარიშში საუბარია პატიმრების წამებისა და პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების შესახებ.