აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - როგორც ვიცით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება, სამართლიანი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც.
„სტამბოლიდან ჩვენ გავემგზავრებით თბილისში, სადაც შევხვდებით მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს. პომპეოს ასევე შანსი ექნება, შეხვდეს უწმინდესსა და უნეტარესს, კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით ერთგულნი, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში, დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებაში. როგორც ვიცით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაახლოებით 16 საპარლამენტო მანდატისთვის 21 ნოემბერს ჩატარდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით, რომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი საქართველოს დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად გავუსვამ ხაზს, რომ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ამ დრომდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
და ბოლოს, სახელმწიფო მდივანი საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მოისმინოს მათი მოსაზრებების კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და დამოუკიდებელ სასამართლოზე, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესების აღიარების აუცილებელ ნაწილზე, ადამიანთა უფლებების პატივისცემასა და ეკონომიკური უფლებებზე“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტით საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოდის.