აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - ვაშინგტონი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, ისე, როგორც ამას აკეთებდა ორივე პარტიის წინა ადმინისტრაცია – ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა და ჩვენ ერთგული ვართ ღია კარის პოლიტიკის, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო წამოწეული, ნატო-ში გაწევრიანება უნდა რჩებოდეს შესაძლებლობად ასპირანტებისთვის, როდესაც ისინი მზად იქნებიან და დააკმაყოფილებენ გაწერილ ვალდებულებებს. კერძოდ, იგულისხმება, როდესაც ისინი შეძლებენ და მოისურვებენ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. ჩვენ ეს დავადასტურეთ არაერთხელ. როგორც მოქმედი, ისე ძველი ადმინისტრაციის პერიოდში.
2021 წლის ნატო-ს სამიტის კომუნიკეში ჩვენ მკაფიო გავხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. არავის უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე, უკრაინის მსგავსი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, უკრაინას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საგარეო პოლიტიკური კურსი თავისუფლად, გარე ჩარევების გარეშე. ეს არის წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის მთავარი პრინციპი, რომელსაც აშშ იცავს და მსოფლიოში ავრცელებს. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. იდეა, რომ ასპირანტი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა, შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს რუსეთი, როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა გასულ კვირას, იქნებოდა სასაცილო, სიტუაცია ასეთი სერიოზული რომ არ იყოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა.