აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ ნატო-ს კარი დარჩეს ღია ასპირანტი ქვეყნებისთვის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ ნატო-ს კარი დარჩეს ღია ასპირანტი ქვეყნებისთვის

აშშ ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები წევრობისთვის, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი აშშ-ის მხარდაჭერას და უკრაინას რეფორმებისკენ მოუწოდებს.

„ეს ადმინისტრაცია ემხრობა იმის უზრუნველყოფას, რომ ნატო-ს კარი დარჩეს ღია ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი შეძლებენ წევრობის ვალდებულებების შესრულებას და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც იყო გამოხატული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში და ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს, შეუერთდეს თუ არა რომელიმე ხელშეკრულებას ან ალიანსს და, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ნატო-საც. ჩვენ ვემხრობით იმის უზრუნველყოფას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები წევრობისთვის. ამ მიზნით, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, განახორციელოს ღრმა, ყოვლისმომცველი და დროული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია უფრო სტაბილური, დემოკრატიული, განვითარებული და თავისუფალი ქვეყნის ასაშენებლად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის რეფორმებს და გააგრძელებს მის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის თავად პრეზიდენტი, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ნატოელ კოლეგებს ესაუბრნენ და მათ აქვთ მჭიდრო კონტაქტი უკრაინელ კოლეგებთან.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დონბასში ომის დასრულების გზად ნატო-ს წევრობა დაასახელა და აღნიშნა, რომ კიევისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის – მაპ-ის მინიჭება, რუსეთის რეალური გზავნილი იქნებოდა.

უკრაინის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ესკალაციის შესახებ და საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის რეჟიმის გახშირეული დარღვევების შესახებ საუბრობს.

დატოვე კომენტარი