ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ევროკავშირს რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებების გაუქმებისკენ მოუწოდებენ
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ევროკავშირს რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმებები საერთაშორისო ხელშეკრულებებია, რომლებიც მხარეებს შორის ორმხრივი ინვესტიციების განხორციელების პირობებს განსაზღვრავს.
ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული შეთანხმებები, რომლებიც ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანაში კვლავ მოქმედებს, რუსეთს ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს და მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
კერძოდ, შეთანხმებები მოიცავს დებულებებს, რომლებიც რუსეთში ინვესტიციების განხორციელებას ახალისებს და სანქცირებულ პირებს საერთაშორისო სასამართლოებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელების შეტანის შესაძლებლობას აძლევს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირის ამოცანაა, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია ყოველგვარი დათმობის გარეშე შენარჩუნდეს.
„რუსეთთან დღეს მოქმედი შეთანხმებები, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მხოლოდ ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებებად ვეღარ განიხილება. წევრმა სახელმწიფოებმა ეს შეთანხმებები იმ პერიოდში გააფორმეს, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ რუსეთი მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს. ეს შეთანხმებები ფარული არხია, რომლის მეშვეობითაც რუსეთს კომპანიების საშუალებით წევრი ქვეყნების პოლიტიკასა და ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ამ შეთანხმებების მეშვეობით ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა ცაჰკნამ.
ესტონეთმა, ლატვიასთან, ლიეტუვასა და პოლონეთთან ერთად, ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, შეიმუშაონ ერთობლივი სამოქმედო გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად.
„ევროპა კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახდეს, ამისთვის კი რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებაა საჭირო“, – აღნიშნა ცაჰკნამ.
ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება 2027 წლის დასაწყისში იქნება მიღებული.