ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა – „ერთ წელზე ნაკლებ დროში როდესაც ორი მასშტაბური ავარია ხდება, ესპანეთის მსგავს ქვეყანაში მინისტრი თანამდებობაზე ვერ დარჩება“
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ოსკარ პუენტემ თანამდებობა დატოვა.
პუენტემ გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომის დასრულებისას გამოაცხადა. სხდომაზე მან სარკინიგზო უსაფრთხოების ახალი ზომები წარადგინა და ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, გადადგომა 28 ოქტომბერს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგვე გადაწყვიტა, თუმცა განცხადების გაკეთება რამდენიმე დღით გადადო.
„ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობაზე ვერ დარჩება, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ დროში ასეთი მასშტაბის ორი ავარია ხდება“, — განაცხადა პუენტემ.
როგორც „ბიბისი“ წერს, ავარიიდან მალევე ესპანურ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც მატარებლების მემანქანეებსა და სადისპეტჩერო ცენტრს შორის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე გამართული საუბრები ისმის. სამი ჩანაწერი, რომლებშიც მადრიდის სადისპეტჩერო ცენტრისა და მატარებლის მემანქანეების საუბარია ასახული, სავარაუდოდ, აჩვენებს, რომ ერთ-ერთ ჩქაროსნულ მატარებელს მოძრაობის გაგრძელების ნებართვა მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით ლიანდაგზე მეორე მატარებელი გაჩერებული იყო.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა დეტალს გამოიძიებს.
ცნობისთვის, 28 ოქტომბერს ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 69 ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წლის იანვარში ესპანეთის სამხრეთ ნაწილში კიდევ ერთი მასშტაბური სარკინიგზო ავარია მოხდა.