აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა
ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, ნატო-ს კარი ღიაა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი იქნებიან მზად და შეძლებენ წევრობის ვალდებულებების შესრულებას.
„ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა, აირჩიოს პარტნიორები და ალიანსები, როდესაც საქმე ეხება ნატო-ს. ეს ალიანსის 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნის გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. ჩვენ მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენი ერთგულების შესახებ. ნატო-ს კარი ღიაა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი იქნებიან მზად და შეძლებენ წევრობის ვალდებულებების შესრულებას და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.