აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყალბს უწოდებს თურქეთის განცხადებას 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ვაშინგტონის მონაწილეობაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყალბს უწოდებს თურქეთის განცხადებას 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ვაშინგტონის მონაწილეობაზე. აშშ-ის საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის მოვლენებში ვაშინგტონი არ მონაწილეობდა და გადატრიალების მცდელობა დაგმო.
„თურქეთის მოვლენებთან დაკავშირებით ეს შენიშვნები და აშშ-ის პასუხისმგებლობის შესახებ სხვა უსაფუძვლო პრეტენზიები არ შეესაბამება თურქეთის, როგორც ნატო-ს მოკავშირის და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ თქვა, რომ გადატრიალების მცდელობის უკან აშშ იდგა და მისი განხორციელება გიულენის ქსელმა სცადა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალება სამხედროებმა 2016 წლის 15 ივლისს სცადეს. თურქეთის ხელისუფლება გადატრილების ორგანიზატორად მუსლიმ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს ასახელებს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.