აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - უკრაინელები მარიუპოლში პოზიციებს ინარჩუნებენ
უკრაინელები მარიუპოლში პოზიციებს ინარჩუნებენ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა გააკეთა.
როგორც პრაისი ამბობს, ვაშინგტონში თვლიან, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა მარიუპოლი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და პუტინმა თავად გასცა ბრძანება „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმის გაუქმების შესახებ, დეზინფორმაციაა და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ ვერ შეასრულა დასახული ამოცანები.
„ჩვენი გაგებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ, ხოლო პრეზიდენტ პუტინისა და მისი თავდაცვის მინისტრის მიერ ტელევიზიისთვის დადგმული შოუ არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რაც ძალიან კარგად ეწერება მათ ქცევის წესში. ის, რასაც ვხედავთ აზოვსტალში დარჩენილი ხალხისგან და მებრძოლების მხრიდან, არის სიმამაცე და ეს შთამაგონებელია. მათი ქმედებები რადიკალურად განსხვავდება რუსეთის არმიის ქმედებებისგან და რუსეთის ტაქტიკისგან. ის, რაც რუსეთმა ბოლო კვირებში გაუკეთა მარიუპოლს, გულდასაწყვეტია. ყველაზე საშინელი სანახავი სურათები და სავარაუდო ომის დანაშაულებების ამსახველი კადრები სწორედ მარიუპოლიდან ვრცელდება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გახსნას ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლში, რათა ქალაქში დახმარება ჩავიდეს და მოქალაქეები გავიდნენ მარიუპოლიდან.