2021 წელს საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია 2021 წელს იყო მშვიდი და სტაბილური.
„საქართველომ გაატარა შემდგომი ზომები საზღვრების უსაფრთხოებისთვის და 2021 წელს დააკავა საქართველოს ხუთი მოქალაქე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ტერორიზმის ბრალდებებით. საქართველოში ძალაში შევიდა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განახლებული კანონმდებლობა და ქვეყანამ იმუშავა ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე. 2021 წელს ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ახდენს ტერორიზმისა და იმ აქტების კრიმინალიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორიზმს, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებას, კიბერტერორიზმს, წვრთნების ჩატარებას, წაქეზებას და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით პირის გადაბირებას, ასევე უცხოელ ტერორისტ მებრძოლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველომ შეიმუშავა 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მას შემდეგ, რაც წინა კონტრტერორისტულ სტრატეგიას ამოეწურა ვადა.
„ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უწყებათაშორისი პოზიციების გათვალისწინებით მოწონებულ იქნა დეკემბერში კონტრტერორისტულ საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ. მთავრობამ ასევე დაამტკიცა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია (2021-30) და სამოქმედო გეგმა (2021-23). საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგადაა აღჭურვილი და მომზადებული.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი განაგრძობს რეგულარული წვრთნებისა და აღჭურვილობის მიღებას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისგან.
„სამოქალაქო საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ 2021 წელს გამოთქვეს შეშფოთება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო თვალთვალის სისტემასთან, მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ნაკლებობასა და სუსტ ზედამხედველობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციამ განახორციელა პროექტები საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე პატრულირების, მეთვალყურეობისა და შეკავების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
„საქართველომ დაასრულა სახმელეთო საზღვრის ერთი სეგმენტის მშენებლობა თურქეთთან საზღვარზე და ერთის – აზერბაიჯანთან საზღვარზე. სასაზღვრო პოლიციამ გააძლიერა გამოვლენის შესაძლებლობები მობილური დაკვირვების ორი დამატებითი სისტემით და გაზარდა ოპერატიული პერსონალის რაოდენობა საქართველოს საზღვრებზე. საქართველომ შექმნა საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და რისკების მართვის გასაუმჯობესებლად. ეროვნული მართვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად, საქართველომ დაიწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სასაზღვრო უსაფრთხოების სექტორების დასაკავშირებლად რეგიონულ და ეროვნულ მაკონტროლებელ ცენტრებთან. საქართველომ, ასევე შექმნა ტექნიკური მომსახურების ცენტრი მობილური დაკვირვების ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის. გარდა ამისა, საქართველომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) გამოვლენისა და დეკონტამინაციის მოწყობილობებით აღჭურვა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქბრბ დანაყოფები, მასობრივი განადგურების იარაღის მასალების გავრცელებისა და მათი გამოყენების რისკებსა და საფრთხეებზე რეაგირების მიზნით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანაპირო დაცვა უზრუნველყო ახალი რადარის, კომუნიკაციისა და სამეთვალყურეო სისტემებით, საქართველოს საზღვაო სფეროში კონტროლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ივლისში საქართველომ მიიღო მთავრობის დადგენილება ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების, დამუშავების, წაშლის, მოპოვებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობდა ავიაგადამზიდველებთან, შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემების ოპერირების დასაწყებად.
საქართველო მონაწილეობს გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ ერთობლივად განხორციელებულ „კონტეინერების კონტროლის პროგრამაში“, და დისლოცირებული ჰყავს სამი სამოქმედო ჯგუფი უკანონო ტვირთების იდენტიფიცირებისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ახორციელებენ პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებას მონაცემთა ბაზებში, მათ შორის, ინტერპოლის მონაცემთა ბაზებში.
„ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების სირიაში ან ერაყში გამგზავრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აგვისტოში პანკისის ხეობაში საქართველომ დააკავა საქართველოს ხუთი მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობასა და სირიაში ტერორისტულ ბანაკში გამგზავრების დაგეგმვასთან დაკავშირებული ბრალდებებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ერთ-ერთმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ წარმოადგენდა „ისლამური სახელმწიფოს“ „საქართველოს ემირს“. საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის (CIFG) წევრი. საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი. 30 მარტს საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს. აქამდე, ასეთი პირების მიმართ სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება მოითხოვდა საქართველოს სასამართლოში განხილვას.
2021 წელს საქართველომ განაგრძო უმცირესობათა ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიასთან წვდომაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ორიენტირებული ძალისხმევა. საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ამავდროულად, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, გაერო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთო-სთან, ინტერპოლთან, ასევე საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციასთან.
„2021 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს, ევროპის კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის, ივნისში გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის მეორე კონფერენციაში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტისა და კონტრტერორისტული მიმართულებით ევროპის საბჭოს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ძალადობა განახორციელეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების დროს.
„ჯგუფებმა ასევე გაანადგურეს ოპოზიციის საპროტესტო ადგილი პარლამენტთან, სცადეს შტურმი პარლამენტში და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს. ლგბტქი+ აქტივისტებმა ისაუბრეს დევნის გრძნობაზე, რადგან ადგილები, სადაც ისინი თავშესაფარს ეძებდნენ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აღმოაჩინეს. ეს მოვლენები მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ-მინისტრმა „თბილის პრაიდის“ დაგეგმილ ღონისძიებას „შეუსაბამო“ უწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი დღის განმავლობაში ვერ უზრუნველყო არეულობის კონტროლის ზომები. მიუხედავად 28 დამნაშავის დაკავებისა და შემდგომში გასამართლებისა, არცერთი ჯგუფის ლიდერს ან ძალადობის ორგანიზატორს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია“, – ნათქვამია ანგარიშში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, „ულტრამემარჯვენე, პრორუსულმა ჯგუფმა ალტ-ინფომ და ულტრამემარჯვენე ქსელებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის ბავშვთა უფლებების დამცველთა საზოგადოებასთან და „ქართულ მარშთან“, ორგანიზება გაუწიეს და განახორციელეს ძალადობა ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების დროს და 6 ივლისს 5 ივლისის ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე“.
„არცერთი ჯგუფის ლიდერს ან ძალადობის ორგანიზატორს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. ალტ-ინფოს ლიდერებმა შემდგომში დაარეგისტრირეს პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა და გახსნეს ოფისები საქართველოს მასშტაბით. ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის ხელმძღვანელობამ მოუწოდა და გამოხატა მხარდაჭერა ძალადობისადმი თავიანთი მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია ანგარიშში.