აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ქმედება „არ შეესაბამება ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპებს“.
„ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებული სასამართლო დევნის გამო, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ბიზნესლიდერების წინააღმდეგ თურქეთში. კერძოდ, ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობისა და ასევე ტერორიზმის მხარდაჭერისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ზედმეტად ფართო ხასიათის მქონე ბრალდებების გამო”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა ეს ვერდიქტი სააპელაციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში, იმამოღლუს მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება. იმამოღლუს მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო ერდოღანს ემორჩილება, თურქეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.