სტამბოლის მოქმედ მერს ორი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სტამბოლის მოქმედ მერს ორი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სტამბოლის მოქმედ მერს ორი წლისა და შვიდი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას „ბიბისის“ თურქულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

ექრემ იმამოღლუ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი ოპონენტია, რომელსაც ბრალად ედებოდა თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წევრების შეურაცხყოფა.

იმამოღლუმ 2019 წელს სიტყვით გამოსვლისას „სულელებად“ მოიხსენია ის მაღალჩინოსნები, რომელთაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, რის შემდეგაც მას საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ცილისწამებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ მერს პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალა. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სტამბოლის მერმა მიანიშნა, რომ მომდევნო წელს არჩევნებში ბრძოლას აპირებს. ის შესაძლოა, ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე გახდეს.

იმამოღლუმ 2019 წლის სტამბოლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ამით დაასრულა ერდოღანის კონსერვატიული მოკავშირეების დომინირება სტამბოლში.