ვლადიმერ პუტინი – კიევი და ევროპა კომპრომისებისთვის მზად არ არიან, კიევს არ აქვს საომარი მოქმედებების შეწყვეტის სტიმული, რადგან დაკარგავს დაფინანსებას და მოუწევს არჩევნებზე გასვლა

18:18, 19.11.2026

რუსეთს ომი არ დაუწყია და მის დასრულებას ცდილობს, კიევი და ევროპა კი კომპრომისებისთვის მზად არ არიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრები შეაჯამა.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში 2014 წლის მოვლენები „სახელმწიფო გადატრიალებად“ და ომის დაწყებად შეაფასა.

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, კიევს საომარი მოქმედებების შეწყვეტის სტიმული არ აქვს, რადგან დაკარგავს დაფინანსებას და მოუწევს არჩევნებზე გასვლა.

კითხვაზე, რატომ არ მოქმედებს მოსკოვი კიდევ უფრო ხისტად, პუტინმა აღნიშნა: „საქმე მხოლოდ სიკეთეში არ არის და წამყვანია პრაგმატული მოსაზრებები. კერძოდ, სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის თუნდაც რაღაც შესაძლებლობების შენარჩუნების სურვილი, თუმცა მოწინააღმდეგის ქმედებებზე პასუხს მაინც გავცემთ“.

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი აღიარებს უკრაინის უსაფრთხოების უფლებას და თანახმაა ამერიკელი მომლაპარაკებლების წინადადებაზე, რომ უკრაინის უსაფრთხოება საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში ჩაეწეროს. თუმცა, როგორც პუტინმა განაცხადა, მოსკოვი არაფრის დათმობას არ აპირებს, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებში, და არსებული რეალობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

პუტინმა დაადასტურა, რომ სამ ოლქში შექმნილი „უსაფრთხოების ზონები“ სამშვიდობო მოლაპარაკებების საგანი არ გახდება, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის პირობების გათანაბრებაზე იმუშავებენ, ხოლო მათი „იურიდიული გაფორმება“ ცალკე საკითხია, რომელსაც იურისტები შეისწავლიან.

სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხარე დაჟინებით ითხოვს ევროპელების მოლაპარაკებებში ჩართვას. პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ლიდერები საუბრობენ 2030 წლისთვის ომის სამზადისზე, ევროპის უსაფრთხოების განხილვა ევროპის გარეშე უცნაური იქნებოდა.

ამასთან, მისივე თქმით, მოსკოვმა დიპლომატიური არხებით ევროპელებს მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა მათი პოზიციის გასარკვევად.

„რას გადმოგვცემენ ევროპელი ლიდერები. ომი, ომი, ომი – 2030 წლისთვის უნდა მოვემზადოთო. ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, რომ 2030 წლისთვის მოვემზადოთ. სწორედ ამას ვისმენთ იქიდან მუდმივად. მაგრამ ეს ნორმალურია? არა მგონია. მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მათ შორის უსაფრთხოებისა ევროპაში, ევროპელების გარეშე უაზროა. რატომ ვამბობ ამას უკრაინასთან კავშირში? პასუხი ძალიან მარტივია – მოგვარების ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი, უკრაინული მხარის აზრით, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ჩვენ ვეთანხმებით. ისევე, როგორც უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთის უსაფრთხოება, თავად უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს სიმართლეა, მაგრამ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი? ეს უკვე კითხვაა. და სწორედ ამიტომ დავეთანხმეთ ამერიკელი მომლაპარაკებლების წინადადებას, რომ უკრაინის უსაფრთხოება საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში უნდა ჩაეწეროს. რა არის ამაში ცუდი? რატომ ვხედავთ ახლა ასეთ ისტერიკას ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში? უკრაინის უსაფრთხოება ევროპულ უსაფრთხოებაში უნდა ჩაეწეროს, მაგრამ ცნობილია, რომ ევროპის უსაფრთხოების განხილვა ევროპის გარეშეც უცნაური საქმე იქნებოდა. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ უნდა გავიგოთ, რა პოზიციით მოვა ევროპა ამ მოლაპარაკებებზე. ევროპელები მოწვეულნი იყვნენ მოსკოვში, რათა მათი პოზიცია განსაზღვრულიყო, ხოლო ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში გავაგრძელებთ დიალოგს უკრაინასთან“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა ასევე ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ამ ფაქტს „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა.

„ეკონომიკური მხარდაჭერა ევროპელების გადასაწყვეტია. ნებისმიერი ფორმის სამხედრო თანამშრომლობა კი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, უცხოური ჯარების შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ომის დასრულების შემდეგაც, მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი