აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ და მშვიდობიანად გადაჭრან ინციდენტი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებულები, და ჩვენ შევახსენებთ აზერბაიჯანს მის ვალდებულებებს, რომლებიც მას ნაკისრი აქვს ჰუმანიტარული სამართლით, რომ მოეპყროს ყველა დაკავებულს ადამიანურად“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის არადემარკირებულ ნაწილში ნებისმიერ გადაადგილებას განიხილავს პროვოკაციულად.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალის გამოყენებას საზღვრის დემარკაციისთვის და მოვუწოდეთ ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს და შეწყვიტონ არადემარკირებულ საზღვარზე სამხედრო გამაგრება და ნაღმების განთავსება. სპეციფიკურად მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, გადაიყვანოს ძალები 11 მაისამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ სომხეთს გადაიყვანოს ძალები 11 მაისამდე პოზიციებზე და მივესალმებით განცხადებებს, რომელშიც ამაზეა საუბარი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის მიზნით მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა. აშშ-ში მზადყოფნას გამოთქვამენ, დახმარება გაუწიონ მხარეებს ამ ძალისხმევაში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში მოუწოდებენ მხარეებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირება მოხდეს.