აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი.
„იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. მოსამართლეები მოწყვლადები არიან პოლიტიკური ზემოქმედების წინაშე როგორც სასამართლოს სისტემის შიგნიდან, ისე გარედან“, – ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრობლემებზე საუბრობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ შორის დასახელებულია მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის გაძლიერება, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან შედგებოდა და რომელიც, როგორც ამტკიცებენ, სასამართლო სისტემაში კრიტიკულ მოსაზრებებს ახშობდა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაძლიერების შეთავაზებებს ეწინააღმდეგებოდა; ასევე, უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენა გარკვეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე; საქმეების გადანაწილების სისტემით მანიპულირება; უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობა და ხარვეზები უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის პროცედურაში.
„პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და საერთაშორისო საზოგადოება განაგრძობდა „სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის“ არაფორმალური სახელით ცნობილი 2017 წლის საკანონმდებლო პაკეტის ხარვეზების გამოყოფას. ისინი მიუთითებდნენ პრობლემებზე კანონის განხორციელებაში და საუბრობდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ყველა დონის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ხარვეზიან პროცესებზე, რამაც სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენის წინაშე მოწყვლადი დატოვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წლის მაისში საქართველოს იმდროინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა ბრალდებების გამო, რომ მისმა ოფისმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმის გამოძიებაზე არასათანადო გავლენა იქონია. სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალი გენერალური პროკურორის ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე წარდგენის გამო, რადგან აღნიშნულ ცვლილებებს გენერალური პროკურორის დანიშვნის მიუკერძოებლობა უნდა უზრუნველეყო. ახალი კონსტიტუცია გენერალური პროკურორის წარდგენის უფლებამოსილებას 15-წევრიან საპროკურორო საბჭოს ანიჭებს და არა იუსტიციის მინისტრს.
ანგარიშში ასევე საუბარია, რომ აგვისტოში გადადგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ მან თანამდებობა პოლიტიკური ზემოქმედების შედეგად დატოვა. სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მაშინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარის წარდგენისკენ მოუწოდეს, თუმცა პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ვერ მიაღწია კანდიდატთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს.
„24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 სადავო კანდიდატი. სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ და მმართველი პარტიის ზოგიერთმა წევრმა კანდიდატები დაადანაშაულეს მოსამართლეების გავლენიან ჯგუფთან კავშირში, რომელსაც საზოგადოება „კლანად“ მოიხსენიებს. მათ ასევე გააკრიტიკეს მოსამართლეების წარდგენის პროცედურაში გამჭვირვალობის და კანდიდატებისთვის მკაფიო კრიტერიუმების ნაკლებობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის არაგამჭვირვალე პროცესი პარლამენტში დავის საკითხად იქცა და 27 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი პროტესტის ნიშნად გადადგა. იმავე საღამოს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქვედა ინსტანციის მოსამართლედ უვადოდ დანიშნა ლევან მურუსიძე, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ამან გამოიწვია დიდი პროტესტი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემის რეფორმირების სურვილის არქონაში დაადანაშაულა. 28 დეკემბერს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანხმობა განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმი უნდა შეიცვალოს და წლის ბოლოს პარლამენტში დებატები გაგრძელდა“, – წერია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლებას. თუმცა როგორც უწყების ანგარიშშია აღნიშნული, სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა სამართლიანი სასამართლოს უფლების მრავალრიცხოვანი დარღვევის შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ეს უფლება ზოგიერთ გახმაურებულ და პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში არ იყო განხორციელებული. არასამთავრობო ორგანიზაციების შეტყობინებით, საზოგადოებისთვის სასამართლოების მიდგომა სასამართლო მოსმენების დახურვასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული იყო და არ უზრუნველყოფდა მიზეზების განმარტებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია გიორგი მამალაძის საქმეზე და აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ გამოძიებამ და სასამართლო პროცესმა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება არ უზრუნველყვეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წუხელ გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის – საქართველო.