აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. 2019 წლის დოკუმენტში ტრადიციულად საქართველოში არსებული მდგომარეობაც მიმოხილულია.

როგორც ანგარიშში საქართველოს შესახებ თავის შემაჯამებელ ნაწილშია აღნიშნული, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ამოქმედებული კონსტიტუციის თანახმად, მომავალი პრეზიდენტების არჩევა მოსახლეობის ხმის მიცემით აღარ ხდება.

„ეუთო-ს დამკვირვებლებმა 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი აღწერეს როგორც კონკურენტული და პროფესიონალურად ორგანიზებული, თუმცა გამოთქვეს შეშფოთება, მათ შორის თანაბარი შესაძლებლობების მქონე გარემოს ნაკლებობის, ამომრჩევლების დაშინებისა და შურისძიების შიშის გამო. ეუთო-ს დამკვირვებლებმა აღნიშნულ საკითხებზე შეშფოთება 2018 წლის ნოემბერში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმეორეს და შეაფასეს, რომ კანდიდატებს „ჰქონდათ საშუალება, კამპანია თავისუფალ გარემოში ეწარმოებინათ; თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით, ორივე მხარეზე კამპანიის ნეგატიური ხასიათი კი, ძირს უთხრიდა პროცესს“. ეუთო-ს დამკვირვებლებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული და კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებების პატივისცემით ორგანიზებული უწოდეს, თუმცა განაცხადეს, რომ კამპანიის ატმოსფეროზე აისახა უკანონო აგიტაციის ბრალდებები და ძალადობის ინციდენტები. მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო კომისიები და სასამართლოები ხშირად არ სცემდნენ პატივს გამჭვირვალობის პრინციპსა და პირველ და მეორე ტურებს შორის ეფექტიანი კომპენსირების უფლებას, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა შეასუსტა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე.

„იყო ნიშნები, რომ ზოგჯერ სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ინარჩუნებდა ეფექტიან კონტროლს შიდა უსაფრთხოების ძალებზე“, – წერია დოკუმენტში.

აქვე ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა: რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიცოცხლის უკანონო ან თვითნებური ხელყოფის ფაქტებს, მათ შორის უკანონო ან თვითნებურ მკვლელობას აფხაზეთში; მთავრობისა და რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ თვითნებური დაკავებებს; მნიშვნელოვან პრობლემებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან, ასევე, გამოძიებებთან და სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რომლებიც ფართოდ განიხილება პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; პოლიციის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებას ჟურნალისტების წინააღმდეგ; მშვიდობიანი შეკრების უფლებაში არსებით ჩარევას, მათ შორის პოლიციის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ; ასევე დანაშაულებს, რომლებიც ეხება ძალადობას ან მუქარას ლგბტი-პირების მიმართ“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ზოგიერთი ბრალდების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.

„მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ზოგიერთი ბრალდების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა, მათ შორის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება 20-21 ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის გატაცებასა და საქართველოდან გადაცემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და აღნიშნულია, რომ შეზღუდული წვდომის მიუხედავად ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაა, თუმცა დარღვევების შესახებ ცნობები ვრცელდება.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლებები კვლავ რჩებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა და მხარდაჭერილი იყო რუსეთის ძალების მიერ. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩებოდა. რუსმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია მცირეა, დარღვევების შესახებ ცნობები კვლავ ვრცელდებოდა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლებებმა შეზღუდეს ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვა გზით მონაწილეობის, საკუთრების ფლობის, ბიზნესის რეგისტრაციისა და მოგზაურობის უფლებები, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველებისთვის. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ 2008 წელს გაძევებული ეთნიკური ქართველების უმრავლესობას სამხრეთ ოსეთში დაბრუნებაზე უარი უთხრა. დე ფაქტო ხელისუფლებამ არ მისცა საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობას რეგულარული წვდომა სამხრეთ ოსეთზე ჰუმანიტარული დამხარების უზრუნველსაყოფად. ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის რუსული „ბორდერიზაცია“ გაიზარდა, რამაც ადგილობრივი მცხოვრებლები მათი თემებისგან და არსებობის წყაროსგან გაყო“, – წერია დოკუმენტში.