აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოსა და მამუკა ბახტაძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოსა და მამუკა ბახტაძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაიკ პომპეოსა და მამუკა ბახტაძის შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში გაიმართა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, საქართველო არის უძველესი კულტურის და ამაყი ხალხის სამშობლო.

„საქართველოს ისტორია საოცარ ფონზე იწერებოდა – კავკასიონის მაღალი მწვერვალებისა და შავი ზღვის სანაპიროს ფონზე. საქართველოს დედაქალაქის შუაგულში არის წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც ურჩხულს კლავს. ეს ქანდაკება სიმბოლურად გამოხატავს ქართველების ნამდვილ ხასიათს. ისინი უშიშრები არიან და არანაირი წინააღმდეგობა არ აბრკოლებთ. ამის არაერთი მტკიცებულება ვიხილეთ მას შემდეგ, რაც გავაფორმეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და წელს აღვნიშნავთ ამ ქარტიის ხელმოწერის 10 წლის იუბილეს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ არაჩვეულებრივი წინააღმდეგობის უნარი გამოავლინა 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე რუსეთის უკანონო შეჭრის დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მოყვანილია, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„საქართველოს ბევრი მიღწევა არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების შედეგი, რომლის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დღეს. გასული ათი წლის განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ დინამიკური, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აშშ-სთან და ჩვენმა კავშირმა, ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ისტორიაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.