აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაართულებს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დასახლებების სამთავრობო მხარდაჭერის ისრაელის პროგრამა არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და აბრკოლებს სამშვიდობო საქმეს. თუმცა ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ სასამართლოს მოსაზრების მოცულობა გაართულებს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას“, – ნათქვამია დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ პარასკევს დაადგინა, რომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაცია და იქ აშენებული დასახლებები უკანონოა და უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჰააგაში მდებარე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსაზრება, რომ ისრაელმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს პალესტინური ტერიტორიები, კონფლიქტის მოგვარების დადგენილ ჩარჩოებთან შეუსაბამოა. ვაშინგტონში განმარტავენ, რომ აღნიშნული ჩარჩო ითვალისწინებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს, რაც თვალსაჩინო გახდა „ჰამასის“ მიერ ისრაელის დასახლებებზე ოქტომბრის თავდასხმით.

აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული დადგენილება არ არის სავალდებულო შესასრულებელი, თუმცა ამან, შესაძლოა, ისრაელის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტოს.