აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში კვლავ აირჩიეს ქვეყნები, რომლებსაც ადამიანის უფლებების მხრივ საშინელი მდგომარეობა აქვთ, მათ შორის არიან ჩინეთი, რუსეთი და კუბა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის, ჩინეთისა და კუბის არჩევას ეხმაურება.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მოწოდებები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების აუცილებლობის შესახებ გათვალისწინებული არ არის და დღეს საბჭოში კვლავ აირჩიეს ქვეყნები, რომლებსაც ადამიანის უფლებების სფეროში საშინელი მაჩვენებლები აქვთ.
„2018 წელს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიყვანა აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოებულობის ჩამოყალიბებული პრაქტიკისა და წევრობის წესების გამო, რაც საშუალებას იძლევა, რომ საბჭოში არჩეული იყვნენ ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი დამრღვევები. ამ გადაწყვეტილებამდე და ჩვენი გასვლის შემდგომ, აშშ მოუწოდებდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები საბჭოს რეფორმირებისთვის, ვიდრე ის გამოუსწორებელი არ გახდება. სამწუხაროდ, ეს მოწოდებები გაუთვალისწინებელი დარჩა და დღეს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ აირჩია ქვეყნები, რომლებსაც ადამიანის უფლებების მხრივ საშინელი მდგომარეობა აქვთ, მათ შორის ჩინეთი, რუსეთი და კუბა. ვენესუელა საბჭოში 2019 წელს აირჩიეს“, – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილების სისწორეს, დატოვოს გაერო-ს საბჭო და გამოიყენოს სხვა პლატფორმები და შესაძლებლობები ადამიანის უფლებების დასაცავად.
„აშშ-ის ერთგულება ადამიანის უფლებებისადმი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სიტყვები. სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებების ფარგლებში, ჩვენ დავსაჯეთ ადამიანის უფლებების დამრღვევები სინძიანში, მიანმარში, ირანში და სხვაგან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სამწლიანი ვადით ადამიანის უფლებათა საბჭოს 15 წევრი აირჩია – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი, უზბეკეთი, მექსიკა, ბოლივია, კუბა, პაკისტანი, მალავი, გაბონი, კოტ-დივუარი, სენეგალი, ნეპალი და ჩინეთი.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 47 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ.