აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას სოლიდარობა გამოუცხადა სლოვაკეთს და რობერტ ფიცოს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას სოლიდარობა გამოუცხადა სლოვაკეთს და რობერტ ფიცოს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ენტონი ბლინკენმა სლოვაკეთის პრემიერს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„სახელმწიფო მდივანმა სოლიდარობა გამოხატა სლოვაკეთის მიმართ და პრემიერ-მინისტრს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა ამერიკელ და სლოვაკ ხალხებს შორის გრძელვადიან კავშირებს. მან დაგმო პოლიტიკური ძალადობის ყველანაირი ფორმა“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.