აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - დაუშვებელია, დიდმა ქვეყნებმა სხვა ქვეყნების საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დაუშვებელია, დიდმა ქვეყნებმა ძალის გამოყენებით შეცვალონ სხვა ქვეყნების საზღვრები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს არავითარი შეთანხმება არ შემდგარა და დათმობაზე არავინ წასულა.
როგორც ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი საკითხები პრეზიდენტების შეხვედრის დროს არც კი განხილულა.
„ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან და პრეზიდენტი ბაიდენი ცოტა ხნის წინ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით. პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ნატო-ს მოკავშირეებს. კერძოდ ბუქარესტის ცხრიანის წევრ სახელმწიფოებს. ვმუშაობთ სხვა ევროპელ პარტნიორებთანაც, რათა სრულად ვიყოთ თანხვედრაში. ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის განმუხტვის კონტექსტში. მხარს დავუჭერთ დიალოგს მხარეებს შორის. ეს მოიცავს რუსეთს, უკრაინასა, ნატო-ს. დიალოგი ჩვენ ვიცით, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს კონტექსტში, ასევე ეუთო-ში და სხვა მექანიზმები. ეს მექანიზმები მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ და გამოყენებული იყო ცივი ომის დროსაც და შემდეგაც. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ დიალოგი შედეგს ამ შემთხვევაშიც არ გამოიღებს. თუმცა დიალოგი არ არის დათმობა. დიალოგი არ არის კომპრომისი“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ნედ პრაისის თქმით, ეს დიალოგია და არა მოლაპარაკებები.
„ეს არ არის მოლაპარაკებები რომელიმე ქვეყნის საზღვრებთან დაკავშირებით. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკრაინაზე, მარგამ სურათი უფრო ფართოა, რადგან ვლადიმერ პუტინი ცდილობს, საერთაშორისო წესები შეცვალოს. მას სურს, გაავრცელოს იდეა, რომ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები, რომ დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ იარაღის მუქარით შეცვალონ საზღვრები. ეს არ შეიძლება მოხდეს და არ უნდა მოხდეს დღევანდელ სამყაროში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, დიალოგი რუსეთთან შეიძლება შეეხოს ნატო-ს ამოცანებს, მიზნებს, რომელიც შესაძლოა, კრემლში „არასწორად ესმით“.
„თუ რუსეთს რამე არასწორად ესმის, თუ მას არ ესმის, რა არის ნატო ან რა არ არის ნატო, რა სურს ნატო-ს და რა არ სურს, ამის განმარტებაში დიალოგი დაგვეხმარება“, -განაცხადა ნედ პრაისმა.
„ჯო ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტს თვალებში შეხედა და მკაფიოდ განუმარტა, რომ აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია“, – განაცხადა პრაისმა.
მისივე თქმით, აშშ-ს მიაჩნია, რომ დაძაბულობის განმუხტვისთვის საუკეთესო საშუალება არის მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია.
„მინსკის შეთანხმებაში წერია, რა უნდა გააკეთოს რუსეთმა და უკრაინამ. სწორედ ამაზე უნდა დავხარჯოთ ჩვენი ენერგია. ამის შესახებ ვესაუბრეთ უკრაინელ პარტნიორებს. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განუმარტა პუტინს. ეს არის, რაც სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა განუმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. თუ შეხედავთ მინსკის შეთანხმების დარღვევებს, მათი უმრავლესობა რუსეთის მხარესაა“, -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.