აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი - რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც მან ომის დროს უკრაინას მიაყენა
რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც მან ომის დროს უკრაინას მიაყენა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
იელენის თქმით, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მექანიზმზე, რომელიც რუსეთს აიძულებს, აუნაზღაუროს უკრაინას ომის შედეგად მიყენებული ზიანი.
„ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდება, რომ რუსეთს დაეკისრება. ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა იელენმა.
უახლესი მონაცემების თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მთავრობას და თავს არიდებენ აშშ-ის სანქციებს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჩამოართვა 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების იახტები, უძრავი ქონება და სხვა აქტივები.
დღემდე, შეერთებული შტატების გარდა, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებიდან მხოლოდ კანადამ მიიღო ისეთი მექანიზმი, რომელიც რუსულ აქტივებს ყინავს.