აშშ-ის „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებად საქართველო სახელდება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ფისკალური წლის პროექტით „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის“ პროგრამებისთვის ევროპას 26,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოეყოს.
დოკუმენტის თანახმად, დახმარების პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.
„საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამები აძლიერებს როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებას, ასევე ურთიერთქმედებას აშშ-ის, ნატო-ს და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს უწყობს იმ ერებს, რომლებიც შეერთებული შტატების გვერდით მოქმედებენ და მათ ჰყავთ ოფიცრები, რომლებსაც ესმით აშშ-ის სამხედრო დოქტრინა და ოპერატიული ტაქტიკა.
ამ დახმარების პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი“, – მითითებულია პროექტში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტით, საქართველომ „საგარეო სამხედრო დაფინანსებაც“ უნდა მიიღოს.
კერძოდ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ფისკალური წლის პროექტში „საგარეო სამხედრო დაფინანსება“ ევროპისა და ევრაზიისთვის $299 მილიონით არის განსაზღვრული.
„ეს გულისხმობს რუსული გავლენებისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერების გზით. გამოყოფილი თანხები ხელს შეუწყობს შესაბამისი სწავლებების ჩატარებასა და აღჭურვილობების მიღებას, მათ შორის დაზვერვის, გარემეთვალყურეობისა და რეკოგნოსცირების კუთხით. ამ ტიპის მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია, რომლებსაც რუსეთთან უშუალო სახმელეთო საზღვარი გააჩნიათ“, – მითითებულია პროექტში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონის დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფა იგეგმება.