აშშ-ის საელჩო - ჯვრის მონასტრის კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება
საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯვრის მონასტრის კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება.
„სიხარულით ვაცხადებთ, რომ ჯვრის მონასტრის პროექტმა გაიმარჯვა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსში! მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, რომელსაც ასევე აშშ-ის მთავრობა აფინანსებს დაემატება შენობის მთლიანი გარე ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს, გუმბათს რვავე მხარეს და კედლის ზედაპირს, დაახლოებით, 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს.
სამუშაოებს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი შეასრულებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ეტაპისთვის 506 000 დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 16 სექტემბერს მონასტერს ეწვია.