აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ბელარუსში ჩასვლას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ბელარუსში ჩასვლას გეგმავს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ბელარუსში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ფორინ პოლისი“ ავრცელებს. მედიასაშუალება წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი მიმდინარე კვირას იგეგმება. ამასთან, უცნობია, ვის შეხვდება ბოლტონი და რა საკითხები დგას დღის წესრიგში.

როგორც ბელარუსული მედია წერს, ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი მაღალჩინოსნის ბელარუსში პირველი ვიზიტი იქნება.

ამასთან, „ფორინ პოლისის“ ცნობით, ბელარუსში ასევე ჩასვლას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი.

ბელარუსს აშშ-ის მხრიდან 2006 წლიდან სანქციები აქვს დაწესებული. ამის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნები გახდა, რომელიც აშშ-მა და ევროკავშირმა არადემოკრატიულად გამოაცხადა. სანქციები დაწესებული აქვს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, მისი ოჯახის წევრებსა და სხვა მაღალჩინოსნებს.

2008 წლიდან აშშ-ს ბელარუსში ელჩი არ ჰყავს. ბელარუსული მხარის მოთხოვნით, ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა ხუთამდე შემცირდა, მოგვიანებით მინსკმა შეზღუდვა შეამსუბუქა და დიპლომატების რიცხვი 10-მდე გაზარდა. 2019 წლის მარტში კი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ ამერიკულ მხარეს დიპლომატების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების შესახებ აცნობა.