აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი მედიასთან აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი მედიასთან აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, აშშ მზადაა, გააძლიეროს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი და ხისტი სანქციები დაუწესოს მოსკოვს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ იტყვის, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხული არ არის.

„პუტინი თუ შეიჭრა უკრაინაში, მაშინ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროების გაგზავნა გამორიცხული არაა. ასეთი მოთხოვნა იქნებოდა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშრეებისგან და აშშ ამას პოზიტიურად უპასუხებს“, – განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

თუმცა, ამავე დროს, მისი განცხადებით, ბაიდენს არ სურს სიტუაციის იმ ეტაპამდე მიყვანა, რომ აშშ-ის საპასუხო ზომები ამერიკელი სამხედროების გამოყენება იყოს. თეთრ სახლში ასევე ცალსახად აცხადებენ, რომ პუტინის მოთხოვნა, ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდეს, შეხვედრის დროს არ იქნება განხილული.

„აშშ მუდმივად უჭერს მხარს პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, საკუთარი უსაფრთხოების გათვალისწინებით. ეს რჩება აშშ-ის პოლიტიკად დღეს და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადეს თეთრ სახლში.