აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვის ბირჟაზე დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეჩერებულია
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვის ბირჟაზე დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეჩერებულია

მოსკოვის ბირჟაზე დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეჩერებულია, – მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკში განაცხადეს.

აღნიშნულის მიზეზი ამერიკის მიერ მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვებია.

„ამერიკის მიერ მოსკოვის საფონდო ბირჟის წინააღმდეგ მიღებული შემაკავებელი ზომების გამო ბირჟაზე ვაჭრობა და ანგარიშსწორება დოლარსა და ევროში შეჩერებულია“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ეს კი ნიშნავს, რომ ბანკები, კომპანიები და ინვესტორები ცენტრალური ბირჟის საშუალებით ვეღარ შეძლებენ ვაჭრობას რომელიმე ვალუტით.

ამერიკის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის სანქცია დაუწესა 100-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც ოპერირებენ ან მუშაობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვით ან მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორებში, მრეწველობაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ფინანსურ სერვისებში. ასევე, დასანქცირდა 90-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან.