აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინაში ჰანთერ ბაიდენის საქმიანობასთან დაკავშირებით დოკუმენტები მოითხოვა
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინაში ჰანთერ ბაიდენის საქმიანობასთან დაკავშირებით დოკუმენტები მოითხოვა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინაში ჰანთერ ბაიდენის საქმიანობასთან დაკავშირებით დოკუმენტები მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მოთხოვნა გაიგზავნა 20-ზე მეტ კომპანიაში, რომელიც ჯო ბაიდენის შვილის ფინანსებს უკავშირდება, მათ შორის კომპანია „ბურისმაში“.

მანამდე, თავად ჰანთერ ბაიდენმაც დაადასტურა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მისი გადასახადებით არის დაინტერესებული. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ამჟამად იძიებს ჰანთერ ბაიდენთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფინანსურ საკითხს, მათ შორის, ხომ არ დაარღვიეს უმცროსმა ბაიდენმა და მისმა გარემოცვამ საგადასახადო და ფულის გათეთრების კანონები უცხო ქვეყნებთან ბიზნესურთიერთობებში.

ამასთან, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ასევე გამოითხოვა ინფორმაცია ჰანთერ ბაიდენის ჩინეთთან საქმიანი ურთიერთობის შესახებ.

გამოძიება 2018 წელს დაიწყო, ერთი წლით ადრე, ვიდრე ჰანთერის მამა, ჯო ბაიდენი თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე დააყენებდა. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რესპუბლიკელებმა ისაუბრეს ჰანთერ ბაიდენის საეჭვო გარიგებებსა და კონტაქტებზე ჩინეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, გაერკვიათ, თუ როგორ მიიღო უმცროსმა ბაიდენმა უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს კერძო გაზის მომპოვებელ კომპანია „ბურისმაში“ მაღალი თანამდებობა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 2016 წელს ჯო ბაიდენმა, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი თანამდებობიდან გაათავისუფლებინა, რომელმაც დაიწყო გამოძიება „ბურისმას“ წინააღმდეგ. ტრამპი ამბობს, რომ უფროსმა ბაიდენმა მისი ოფიციალური თანამდებობა შვილის ბიზნესის დასახმარებლად გამოიყენა.